შენ რომ იყავ, ის აული ოხერი
მოარბიეს, უღვთოდ მოაპარტახეს,
ენატრებათ შენი ყელის მოღერა
ციხეების ჩაბნელებულ ჩარდახებს.
კოშკებს ახსოვთ შენი მზერა მართალი
და სიმღერა რომელიღაც ნაიბზე;
დღეს ღამეა აულების სარდალი,
თვალთა შენთა ხშირნი შუქნი გაიბნენ.
ეგ ღიმილი - გათენების სადარი,
ვხედავ, ეხლაც ღილღოს ცაზე სწერია;
სიო ამბობს, ჰადიშათი სად არი, -
ეხლა მისი გათხოვების ჯერია?!
ქისტის ქალო, შენზე დარდმა დამლია,
შენს ლანდსაც კი დავდგომივარ დარაჯად...
ქალო - მთვარევ, გელი... აღარ მოხველი, -
ბინდი ბურავს თვალთა ჩემთა ჩარდახებს...
შენ რომ იყავ, ის აული - ოჴერი...
მოარბიეს, უღვთოდ მოაპარტახეს